ორი უცნობი ფეხბურთელი საქართველოსთვის თამაშობს - ერთი გერმანიიდან, მეორე საბერძნეთიდან [ვიდეო]
ორი უცნობი ფეხბურთელი საქართველოსთვის თამაშობს – ერთი გერმანიიდან, მეორე საბერძნეთიდან.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა შეკრება დააასრულა – რამაზ სვანაძის გუნდმა საკონტროლო შეხვედრა თბილისის „დინამოს“ თანატოლთა ასაკობრივ გუნდთან გამართა და 2:1 დაამარცხა.
სვანაძემ გუნდში ბევრი საინტერესო მოთამაშე გამოიძახა – მაგალითად, მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ლადო ჩიხრაძე, „კარლსრუეს“ ფლანგის თავდამსმხელი ლუკა შვარცი და პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ ცენტრალური ნახევარმცველი გეორიგუს ოიდონიკოლასი.
ჩიხრაძეზე ადრე ვწერდით. ლუკა შვარცი გიორგი ნემსაძის ფორმაციის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და ელიტ-რაუნდშიც ითამაშა. ლუკა გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი მოთამაშეა და 16-წლამდელთა ბუნდესგუნდის კანდიდატი იყო, მაგრამ პირველ არხთან განაცხადა, რომ საქართველოს სახელით თამაში ამჯობინა.
„მე თავს 100%-ით ქართველად ვთვლი და არა გერმანელად. მინდა, ჩემი სამშობლოსთვის ვითამაშო, თანამემამულეები გავახარო და ჩემით იმაყონ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში დამიძახეს. იმედი მაქვს საქართველოს სახელით თამაშით საშუალება მომავალშიც მექნება და ჩვენს გულშემატკივრებს სიამაყის საფუძველს მივცემ“ – ამბობს პირველ არხთან ლუკა შვარცი.
გეორიგუს ოიდონიკოლასი ბერძენია და ცხადია, მისი არჩევანი უფრო მოულოდნელია. პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ ასაკობრივი გუნდის 17 წლის საყრდენი ნახევარმცველი განმარტავს, რამ განაპირობა მისი არჩევანი – „მართალია, მე საბრძნეთში დაბადებულ-გარდილი ბერძენი ვარ და „ოლიმპიაკოსში“ ვთამაშობ. მაგრამ საქართველოსთან კავშირი გამაჩნია. დედაჩემი ქართველია და გამიხარდა, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში რომ მიმიწვიეს. ეს მიწვევა და ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო.“