ერთსულოვნება კიდევ ერთხელ გამოჩნდა - 18-წლამდელებმა სომხეთის ნაკრები დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სომეხ თანატოლთა გუნდს რუსთავის აკადემიის მოედანზე უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ანგარიში 21-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს – სწრაფად განვითარებული კონტრშეტევა გოლით დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოს კი სომხებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს.
თამაშის შემობრუნება ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა ბოლო 5 წუთში შეძლო. შეცვლაზე შემოსულმა ლუკა პარკაძემ 87-ე წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, 90+1-ზე მისი პასით გაბრიელ სიგუამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მესამე და გამრჯვების გოლი ლაშა კალანდაძემ გაიტანა, რომელმაც ლუკა წულუკიძის გადაცემაით ისარგებლა.
18-წლამდელები შეკრებაზე სომხეთთან მეორე ამხანაგურ მატჩს 8 ივნისსაც გამართავენ – მატჩი 12:00 საათზე კვლავ რუსთავის აკადემიის მოედანზე ჩატარდება.
„ვერ ვიტყვი, რომ მეტოქის დაუფასებლობას ჰქონდა ადგილი. გვქონდა მომენტები, ძირითადად შეხვედრა ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, შეცვლებმაც გაამართლა და ის ერთსულოვნება, რაც ამ გუნდს აქვს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ეს არის“, – ამბობს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა ფირცხალაიშვილი.