ორი სპარინგი მაკედონიელებთან - ამინდმა საბურთალოს გეგმები შეუცვალა
ორი სპარინგი მაკედონიელებთან - ამინდმა საბურთალოს გეგმები შეუცვალა

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საბურთალო 1 თებერვალს დაგეგმილი ერთი საკონტროლო მატჩის ნაცვლად, ორს გამართავს. კლუბი ორივეჯერ მაკედონიის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს გაეჯიბრება.

თბილისის დროით 12:00 საათზე მესამეადგილოსან აკადემიას შეხვდება, ხოლო 19:00 საათზე მეოთხე პოზიციაზე მყოფ რაბოტნიჩკის. ორივე მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაციები საბურთალოს „იუთიუბ“ (Youtube) არხზე იგეგმება. ამით გუნდი პირველ შეკრებას დაასრულებს.

საბურთალომ მზადების გეგმაც შეცვალა და მეორე შეკრებასაც (რომელიც ლარაში იყო დაგეგმილი) სიდეში გაივლის. მიზეზი ლარაში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც სათამაშო და სავარჯიშო მინდვრები გაფუჭდა. აქედან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე შეკრებაც გუნდს სიდეში გაევლო. საბურთალოელები ემირხანების სპორტკომპლექსში ვარჯიშობენ, სადაც დაახლოებით 10 ხარისხიანი მოედანია.

„ეს პირადად ჩემი გადაწყვეტილება გახლდათ. ლარაში ძალიან ცუდი კლიმატური პირობები იყო. შტორმებისა და უამინდობის გამო, მოედნები ძალიან გაფუჭებული აღმოჩნდა, ბევრი სტადიონი – დატბორილი. სიდეში კი, სადაც ახლა ვემზადებით, ძალიან კარგ მინდვრებზე ვვარჯიშობთ და მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნება, აქ თუ დავრჩებით“, – ამბობს საბურთალოს მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი.