„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი - ლაკავეხელიანი და მალი არსად წასულან
„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი - ლაკავეხელიანი და მალი არსად წასულან

„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია უარყოფს გავრცელებულ ხმებს გუნდის მცველების, ნიკა მალის და ლუკა ლაკვეხელიანის წასვლის შესახებ. ამ ცნობების მიხედვით, „საბურთალოს“ ფეხბურთელებით უნგრული „მეზოკოვეშდი“ დაინტერესდა, სადაც ბოლოს ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა.

„ამ ინფორმაციას მე გავეცანი და გამიკვირდა, რომ არავინ დაუკავშირდა კლუბს, რომელთანაც მოთამაშეების ტრანსფერი ეკუთვნის. თუ ფეხბურთელი მიდის, ამას ვინ დამალავს – ეს ჩვეულებრივი ამბავია. ტრანსფერი თუ შედგა, ჩვენც არ დავმალავთ. მაგრამ ახლა დარწმუნებით გეუბნებით, რომ ორივე მათგანი გუნდშია და მათი არსად გადასვლა არ გადაწყვეტილა“ – აცხადებს კახა კაშია.

„საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფეხბურთელებთან დაკავშირებული დეტალები დააკონკრეტა: „ორივე ფეხბურთელს „საბურთალოსთან“ კონტრაქტი აკავშირებს. მართალია, ლაკვეხელიანს ხელშეკრულება მალე უმთავრდება, მაგრამ თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მიმდიანრეობს და მისგან უარი არ მიგვიღია. ლაკვეხელიანით უნგრული გუნდი დაინტერესებული იყო, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა, რადგან ჩვენი სურვილია, რომ დარჩეს და ევროპის ლიგაზე დაგვეხმაროს“.

მან კომენტარი ნიკა მალის შესახებაც გააკეთა: „რა თქმა უნდა, ინტერესი ნიკას მიმართაც არსებობს. მაგრამ მას უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს, რომელიც ერთ წელიწადში უმთავრდება. ახლა ორივე ჩვენთან რჩება და „საბურთალოში“ ითამაშებს“.

კაშია არ მალავს, რომ „საბურთალოს“ ხელმძღვანელობას თავისი გაზრდილი ფეხბურთელების უკეთეს გუნდში ხილვა სურთ: „ჩვენ მოლაპარაკებები სულ მცირე, არანაკლებ კლუბებთან გვაქვს და მიგვაჩნია, რომ მალი და ლაკვეხელიანი უფრო მაღალი დონის გუნდებში თამაშაც შეძლებენ. ჩვენი სურვილია, რომ იქ წავიდნენ, სადაც მათ წინსვლას ხელს უფრო შეუწყობენ“.