ლატვიის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის (ვირსლიგის) 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი დაასახელეს – მათე ცინცაძე და გიორგი მჭედლიშვილი.
ნახევარმცველი ცინცაძე „ელგავას“ ძირითად შემადგენლობაში იყო გათამაშების ერთ-ერთი ლიდერის, იურმალას „სპარტაკთან“ შეხვედრაში და შეუცვლელად ითამაშა. მან 46-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო, „ელგავამ“ კი 5:2 მოიგო და სატურნირი ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა და მეშვიდე ადგილზეა.
გიორგი მჭედლიშვილის „ვენტსპილსმა“ კი გასვლაზე „დაუგავპილსთან“ 1:1 ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მჭედლიშილი 68-ე წუთზე შეცვალეს (მის ნაცვლად მოედაგზე გუგა ფალავანდიშვილი შევიდა), მარჯვენა მცველის პოზიციაზე საუკეთესოდ მიიჩნიეს. „ვენტსპილსი“ 44 ქულით მესამე ადგილზეა.
ლატვიაშიც, ისევე როგორც ბოლო დროს ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ტურის სიმბოლურ ნაკრებს საერთაშორისო სტატისტიკური პროგრამის, „ინსტატ ინდექსის“ შედეგების მიხედვით ადგენენ. ლატვიის ჩემპიონატის 32-ე ტურში საუკეთესო ქულები ლატვიის ნაკრებისა და „ლიეპაიას“ ცენტრალური ნახევარმცველს, იანის იკაუნაიეკსს აღმოაჩნდა – 324 ქულა, ხოლო მათემ იურმალას „სპარტაკთან“ 316 ქულა დააგროვა, რაც ტურში მეორე შედეგია. მჭედლიშვილის მაჩვენებელი 262 გახლდათ.
მათე ცინცაძე „ელგავაში“ სექტემბრის დასაწყისში გადავიდა, გუნდში 5 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. მჭედლიშვილი კი „ვენტსპილსში“ ერთი თვით ადრე მიიწვიეს და ლატვიის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.