მათე ცინცაძე - ვფიქრობ, რომ „დინამო თბილისი“ „ასტანას“ ბარიერს გაივლის #1TVSPORT
მათე ცინცაძე - ვფიქრობ, რომ „დინამო თბილისი“ „ასტანას“ ბარიერს გაივლის #1TVSPORT

ყაზახეთის პრემიერლიგის „ჟეტისუს“ ფეხბურთელმა, „დინამო თბილისისა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, მათე ცინცაძემ Meta-ratings.kz-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასა” და საქართველოს ჩემპიონის მომავალ თამაშებზე ისაუბრა.

„ასტანა“ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, ამ ბარიერის გადალახვას „დინამო თბილისი“ შეძლებს. პირველი თამაში მნიშვნელოვანია და მოუთმენლად ველი. „დინამო თბილისს“ შესანიშნავი მწვრთნელი და მოთამაშეები ჰყავს. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ცინცაძემ.

მათე ცინცაძემ თამაში ფოთში დაიწყო და შემდეგ თბილისის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა. 2013 წლის ზაფხულში ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა. ნახევარი წლის თამაშის შემდეგ მათემ „დინამო თბილისთან“ გააფორმა კონტრაქტი.

ცინცაძეს უთამაშია პოლონეთის „პოგონში“,  „რუსთავში“, „იელგავაში“,  ბათუმის „დინამოში“, ალბანეთის „კუკეშში“, „ჟეტისუში“ კი 2023 წელს ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა.

ცინცაძეს იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი (17, 19 და 21- წლამდე) ნაკრების წევრი. 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობდა. ასევე უთამაშია ეროვნულ გუნდში (ორი მატჩი).

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასა“ და „დინამო თბილისის“ პირველი დაპირისპირება „ასტანა არენაზე“ 12 ივლისს გაიმართება. განმეორებითი მატჩი თბილისში, 19 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შედგება.