ორი ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვს
ორი ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან  საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოსგან დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებას ორი ორგანიზაცია ითხოვს.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და იურიდიული კომპანია „თორაძე და პარტნიორების” გაერთიანებული სარჩელის განხილვა სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს დაიწყო.

განმწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლეები მოისმენენ მოსარჩელეთა არგუმენტებს და გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა წარმოებაში სარჩელს  არსებითი განხილვისთვის.

მოსარჩელეები საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას ითხოვენ.

„ჩვენ სარჩელის მომზადების პროცესში გავეცანით დასავლეთ ევროპის გამოცდილებებს, ზოგ ქვეყანაში ეს მოდელი ამართლებს, ზოგან არა. მაგალითად, პოლონეთში ეს რეფორმა სრული კრახით დასრულდა, თუმცა ავ-კარგიანობაზე არ არის საუბარი, პრობლემა მასში მოქალაქეების იძულებით ჩართვაა”-განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინტერესების დამცველმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

სარჩელის ავტორები იმედოვნებენ, რომ რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებითი განხილვაში აუცილებლად მიიღებს, რადგან მათი შეფასებით, აშკარაა სადავო ნორმების წინააღმდეგობა საკუთრების უფლებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებით კონსტიტუციით გარანტირებულ მუხლებთან.

„შეიძლება იდეა არის ძალიან კეთილშობილური, მაგრამ ნება მოგვცეს სახელმწიფომ, ჩვენით გადავწყვიტოთ, ჩავერთოთ, თუ არა, ან ბევრი დავაგროვოთ თუ ცოტა. გერმანიაში სავალდებულო წესი მხოლოდ ერთი წლით განისაზღვრება, აქ კი წარმოიდგინეთ 20 წლის ადამიანმა მუშაობის შემთხვევაში 40 წლის განმავლობაში უნდა იხადოს თანხა და შექმნას იძულებითი ანაბარი, ეზ არის იძულებითი გადასახადი”-განაცხადა მოსარჩელე დავით თორაძემ

სხდომაზე საპენსიო ფონდის წარმომადგენელსაც მოუსმენენ. მოწმის სტატუსით მისი გამოკითხვა პარლამენტის წარმომადგენელმა მოითხოვა.