ორი ასოციაციის მემორანდუმი - მოყვარულები ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციას დაეხმარებიან #1TVSPORT
ორი ასოციაციის მემორანდუმი - მოყვარულები ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციას დაეხმარებიან #1TVSPORT

თბილისის მერიის სპორტულ ცენტრ „იმედში“ ორ საფეხბურთო ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ფეხბურთი ყველასათვის“ კამპანიის ფარგლებში საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციამ ხელს მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების, ფეხბურთის მასობრიობისა და განვითარების ხელშეწყობას.

მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციას დაეხმარება ტურნირების ორგანიზაციაში და სხვადასხვა საშეჯიბრო საკითხების მოგვარებაში.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა ამხანაგური საჩვენებელი მატჩი, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ მოყვარული და ამპუტანტი ფეხბურთელები.

„სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და თანადგომაა – მათ შორის, ამპუტანტთა ფეხბურთში. მემორანდუმის გაფორმება სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ გავზარდოთ ამ სახეობაში ჩართულთა და ტურნირების რაოდენობა, რაც მის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.