სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი - მალე ქალთა ჩემპიონატიც ჩატარდება #1TVSPORT
სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი - მალე ქალთა ჩემპიონატიც ჩატარდება #1TVSPORT

სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ საქართველოში სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის განვითარებასა და პერსპექტივაზე ისაუბრა.

„მოყვარულთა ლიგა“ უკვე მეშვიდე წელია იმართება და მთელი საქართველოს მასშტაბით 15 000-მდე მოყვარულ ფეხბურთელსა და 450-მდე საფეხბურთო გუნდს აერთიანებს. ორგანიზაცია 2015 წლის 17 სექტემბერს დავაფუძნეთ განსხვავებული პროფესიის ადამიანებმა, რომლებიც სწორედ ფეხბურთის სიყვარულმა გაგვაერთიანა. გვინდოდა შეგვექმნა რაიმე ღირებული ფეხბურთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვისაც. იმ დროს საქართველოში არ ტარდებოდა ცენტრალიზებული ორგანიზებული სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი სიტყვა გვეთქვა და შეგვექმნა ისეთი რამ, რაც იქნებოდა სიახლე და განვითარების საშუალება, ქართული ფეხბურთისათვის. პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ვინაიდან ვიცოდით, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდა ფეხბურთის განვითარების კუთხით და ჩვენი იდეითაც დაინტერესდებოდა. მან გაიზიარა ჩვენი ხედვები და იმავე წლის ბოლოდან, ფეხბურთის ფედერაციაში, ვიცეპრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასთან ერთად სამუშაო შეხვედრები და პროცესი დავიწყეთ“, – ამბობს ბერდია ჯიბლაძე.

მისი თქმით, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მაღალ დონეზე ორგანიზებული საერთო პროექტების განხორციელებით, ფედერაციის სრულფასოვანი წევრის სტატუსიც დამსახურებულად მოიპოვა:

„ასოციაციის დაფუძნებიდან დღემდე, გამორჩეულად მნიშვნელოვანი 2018 წელი იყო. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ორგანიზებული, ოფიციალური საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულმა (2017 წლის სეზონის საუკეთესო გუნდმა ფოთის „ჭაბონამამ“) მონაწილეობა მიიღო ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე. ამავე წელს, უეფა-მ 55 წევრ ქვეყანას შორის საქართველო გამოარჩია და ფეხბურთის ფედერაციას ვერცხლის ჯილდო გადასცა. საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან საქართველომ სწორედ მოყვარულთა ლიგის პროექტის განხორციელებისთვის მოიპოვა. ორგანიზაცია მუდმივად ვითარდება. ამას 2021-22 წლების მოცემულობაც მოწმობს. ყოველწლიურად იზრდება მოყვარული ფეხბურთელებისა და გუნდების ჩართულობაც. 2021 წლის სეზონი იყო ყველაზე მასშტაბური, თუმცა წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. წლევანდელ, მეშვიდე სეზონში ჩემპიონატი გარკვეული პრობლემების გამო პირველ აპრილს დაიწყო, მაგრამ ჩემპიონატის კალენდრის ცვლილებიდან გამომდინარე გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. წლევანდელი ჩემპიონატის აქტივობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში საგრძნობლად მაღალია“.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში წელს უპრეცედენტო მოვლენა დაფიქსირდა. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2021 წლის მოყვარულთა ლიგის ჩემპიონმა „ბასიანმა“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ითამაშა და ქვეყნის სახელი უეფა-ს რეგიონთა თასზე გაიტანა:

„ყოველწლიურად ვვითარდებით და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რათა გავიზარდოთ და ავწიოთ ჩემპიონატის ორგანიზების ხარისხი. წელს შეიქმნა ჩვენი ოფიციალური, საინფორმაციო ვებგვერდი gafa.ge, ჩემპიონატის მიმდინარეობას ვაშუქებთ როგორც ტელევიზიებით, ასევე სოციალური მედიის ყველა პლატფორმაზე. ასევე გვაქვს ორგანიზაციის ფან-შოპი store.gafa.ge. ამავდროულად, ამიერკავკასიაში პირველად, დავნერგეთ მატჩების ინოვაციური გადაღების მეთოდი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვიო (VEO) კამერის საშუალებით. გვერდში დგომისთვის და პარტნიორობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს, თბილისის მერიას და მთელი ქვეყნის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ორგანიზაცია არ ჩერდება, ორგანიზაცია ცდილობს მუდმივად განვითარებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩვენ მივიღებთ უფრო და უფრო უკეთეს, ხარისხიან, წარმატებულ სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატს. უახლოეს პერიოდში კი იგეგმება ქალთა ჩემპიონატის ჩატარება, რომლის პრეზენტაციაც ოფიციალურად დაანონსდება“.