„ოქროს ბურთს“ ამიერიდან ქალ ფეხბურთელებსაც გადასცემენ
„ოქროს ბურთს“ ამიერიდან ქალ ფეხბურთელებსაც გადასცემენ

2018 წლიდან „ფრანს ფუტბოლი“ „ოქროს ბურთს“ ქალ ფეხბურთელებსაც გადასცემს. ჯილდოს 15 პრეტენდენტიდან ერთი მიიღებს. კანდიდატთა ვინაობა 8 ოქტომბერს გახდება ცნობილი. მათ შერჩევაზე თავად ჟურნალი მუშაობს, გამარჯვებულს კი ის ჟურნალისტები გამოავლენენ, რომელებიც ქალთა ფეხბურთის მიმართულებით მუშაობენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქალი ფეხბურთელი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს მიიღებს.

„ფრანს ფუტბოლის“ დაჯილდოვებაზე აქამდე ქალებს არა „ოქროს ბურთი“ არამედ სხვა, სპეციალური პრიზი გადაეცემოდათ, რასაც უმეტესობა არასწორად მიიჩნევდა. 62 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიების ორგანიზატორებმა ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინეს ქალი მოთამაშეების ინტერესები და როგორც კაცებისთვის, მათთვისაც დააწესეს უმაღლესი ჯილდო.

„ოქროს ბურთის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია პარიზში 3 დეკემბერს გაიმართება. „ფრანს ფუტბოლი“ გულშემატკივარს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან სპეციალურ პრიზს სახელწოდებით „კოპას ჯილდო“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიღებს. ეს პრიზი რაიმონ კოპას სახელობისაა, პირველი ფრანგის, რომელმაც 1958 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო.