ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან დღეს შეხვედრებს ცალ-ცალკე გამართავენ
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან დღეს შეხვედრებს ცალ-ცალკე გამართავენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან და საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დღეს შეხვედრებს ცალ-ცალკე გამართავენ.

როგორც პარტია „ლელოში“ აცხადებენ, ელჩებთან შეხვედრას ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში 14:00 საათზე „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია გამართავენ.

„ჩვენ დაგვპატიჟეს ამ შეხვედრაზე და შესაბამისად, იქ გაირკვევა საუბრის საგანი და შეხვედრის შინაარსი. წინასწარ ჩვენ შეთანხმებული არ ვართ ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგზე. ჩვენ ყველა შესაძლებლობას, როდესაც ვხვდებით ჩვენ მეგობარ ელჩებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, ყოველთვის ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსაზრებები, ხედვა გავუზიაროთ შექმნილ ვითარებაზე, გამოსავალზე ამ კრიზისიდან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ელჩებთან კომუნიკაცია პარტიას აქვს, თუმცა როდის და სად შეხვდებიან დიპლომატებს, არ აკონკრეტებს.

„ვართ კომუნიკაციის რეჟიმში, როდის და სად იქნება შეხვედრა, მე მაპატიეთ, მაგრამ ამას ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ისევ იმაზე ვისაუბრებთ, რაზეც წინა შეხვედრებზე ვსაუბრობდი, რომ არჩევნები ჩატარდა ამაზრზენად. კონკრეტული ფაქტები მაქვს ელჩებისთვისაც მოყვანილი, ფაქტები მიჭირავს ხელში, როგორ მოხდა ფალსიფიკაცია არჩევნების შედეგების“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისთვის უცნობია შეხვედრის თემები, თუმცა ვარაუდობს, რომ კავშირში იქნება ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან.

„თემები რა იქნება, არ ვიცი, მართლა. სავარაუდოდ, კავშირში იქნება იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც არსებობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. უბრალოდ, ამჯერად ფორმატი არის ოდნავ განსხვავებული, რაღაც ინდივიდუალურად ხვდებიან პარტიებს. ჩვენ არ ვადგენთ ამ შეხვედრების განრიგს, თვითონ მათი დღის წესრიგი არის. გვთხოვეს, მივსულიყავით და მივდივართ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

20 ნოემბრის შეხვედრის განსახილველი საკითხები ასევე უცნობია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერისთვის.

„იქნება შეხვედრები, მეც მაქვს შეხვედრა. ყველა შევხვდებით, ვისაუბრებთ, რეალურად შევაფასებთ პროცესს. ვნახოთ, რა იქნება. მთავარი არის მესამე რაუნდისთვის მზადება და მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს არის მოსამზადებელი შეხვედრები. საკითხები არ ვიცი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.