ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ინაუგურაციის ჩაშლა სურდათ
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ინაუგურაციის ჩაშლა სურდათ

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებს ინაუგურაციის ჩაშლა სურდათ.

როგორც ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, ოპოზიციის მიზანი იყო ინაუგურაციის ცერემონიისთვის ჩრდილის მიყენება და დაკნინება.

„რეალურად ჩანაფიქრი იყო ინაუგურაციის ჩაშლა, უკიდურეს შემთხვევაში, მისთვის რაღაც ჩრდილის მიყენება და დაკნინება. თელავში მასშტაბური აქციების გამართვა, როდესაც ის 150-მდე ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი იმყოფება, შელახავდა სახელმწიფოს იმიჯს, საერთაშორისო აუდიტორიაში შექმნიდა განცდას, რომ საქართველო არის არშემდგარი სახელმწიფო. ვფიქრობ, რომ ვიწროპარტიულმა ინტერესმა გადაწონა სახელმწიფო ინტერესი”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის საქციელი იყო დესტრუქციული.

„ოპოზიციის წევრები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას, რომ არ ჩაეშალათ ისტორიული და მნიშვნელოვანი ცერემონია. სამწუხაროა, რომ დაპირისპირებისას დაშავდნენ პოლიციელები. ვისურვებდით, რომ ყველამ აგოს პასუხი იქნება ეს პოლიტიკოსი, აქტივისტი, ყოფილი თუ მოქმედი დეპუტატი. ასე არ შეიძლება”, – განაცხადა გია აბაშიძემ.

თელავში გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც პრეზიდენტის ინაუგურაციიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, თელავში გზა გადაუღობეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომობილი დაუზიანეს.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა. ინაუგურაციის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა თბილისში პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გაშალეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული.