ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მისვლას დღეს გეგმავენ
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მისვლას დღეს გეგმავენ

ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მისვლას დღეს გეგმავენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდებიან და პლენარულ სხდომას დაესწრებიან.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდება, ხოლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე კონსულტაციები გაგრძელდება.

„იწყება შეთანხმების შესრულება, ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და ამის შედეგად გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე გაგრძელდება ხვალ კონსულტაციები. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ ნიკას აზრს. გვექნება მსჯელობა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, დღეს არ დარეგისტრირდება.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან, ამნისტიის კანონით პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს შესაძლო დამნაშავემ, რომელმაც ზიანი მიაყენა მაკო გომურის ჯანმრთელობას და ასევე სხვა პირებს. თუ ასეთი ადამიანები იქნებიან იდენტიფიცირებულნი, მათზე არ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონი. „ქართული ოცნება“ ამ პოზიციას იზიარებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, დღეს გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც ცნობილი გახდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული დეტალები.

„არავის არაფერი გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება“ პირობას შეასრულებს. თუ იქნება რესურსი, რომ დაგვეთანხმოს ოპოზიცია სამართლიან, რაციონალურ პროექტზე, ეს სამართლიანი და რაციონალური იქნება. თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს მათი არჩევანი იქნება. კანონპროექტი შეთანხმებულ ვადაში დაინიცირდება, რათა შეთანხმება შესრულდეს. რა დათქმაც იყო შარლ მიშელის ეგიდით წარმართული დოკუმენტიდან გამომდინარე, ეს ზედმიწევნით მოხდება. ჩვენ ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე შევთანხმდით. ერთი ადამიანის ხუშტური, ვის, რა, როგორ მოუნდება, ვერ გადაწონის ვერც ერთ შეთანხმებას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ორივე მხარე თანხმდება, რომ ​ამნისტიაში ვერ იქნება ისეთი რამ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება.

„თავდაპირველად სპეკულაციურად აიწია, თითქოს შეიძლება, ისეთი რამ იყოს ამნისტიაში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს, მათ შორის მაგალითები დაზიანების, რომლებიც ზოგიერთ დაზარალებულს აქვს. ამაზე კიდევ ერთხელ ავუხსენით და ვთანხმდებით ყველა, რომ რა თქმა უნდა, ვერ იქნება ამნისტია, რომელიც კონვენციას ეწინააღმდეგება. ასე რომ, აქ სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, როდესაც დაზაიანება იმდენად მძიმეა, რომ ჯანმრთელობა ხანგრძლივად არის შერყეული და სერიოზულად არის, ახლა კონკრეტულ მაგალითებს არ დავასახელებ, რაც სახელდება, რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებს არ შეეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ ციხიდან განცხადება გაავრცელა. მელიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, გაიწვიონ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს გადახდას დაეთანხმება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, შეთანხმება ხელმოწერილია და მხარეებმა რაიმე ცვლილებაზე მხოლოდ მედიატორების მონაწილეობით შეიძლება, ისაუბრონ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, სადაც ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია და ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება და კანონად იქცევა, რადგან ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამნისტია არ გამოიცემა იმისთვის, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან, მისი მიზანია პოლარიზაციის შემცირება და კონფრონტაციის გადატანა შეთანხმებისკენ.