ხათუნა სამნიძე - ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, სადაც ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია, ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება
ხათუნა სამნიძე - ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, სადაც ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია, ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება

ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია, ამიტომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, სხვა არის მედიატორების მხრიდან თუ მოხდება დოკუმენტში რაიმე ცვლილების შეტანა ორივე მხარის, მათ შორის ხელისუფლების თანხმობით.

ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი შარლ მიშელის გადასაწყვეტია.

„მივესალმები ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას. ფაქტია, ევროკავშირის გირაოს შეთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები მას აღიარებენ, როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ასე იყო იმ დღიდანვე, როგორც კი შეთავაზებაში გაჩნდა ევრკავშირის მიერ გირაოს გადახდის იდეა. ეს კრგია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ხელშეკრულებაში ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია.

ამიტომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება, მივყვებით ამ გზას. მეორე ამბავია მედიატორების მხრიდან, რომლებიც არიან ამ დოკუმენტის ავტორები, თუ მოხდება რაიმე ცვლილების შეტანა დოკუმენტში, რა თქმა უნდა, ორივე მხარის თანხმობით, მათ შორის ხელისუფლების თანხმობით.

ჩვენ გვახსოვს მათი განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ხელს აწერენ დოკუმენტს იმ შემთხვევაში, თუ მასში ცვლილებები აღარ შევა. ამიტომ ეს საკითხი არის ისევ შარლ მიშელის გადასაწყვეტი. ჩვენ ჩვენი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ და ხვალ მივდივართ, რომ დავარეგისტრიროთ კანონპროექტი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიმართავს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მელია მათ მოუწოდებს, „არ მიიღონ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია“.

ამასთან, ნიკა მელია სთხოვს ოპოზიციას და მიმართავს დოკუმენტზე ხელმომწერ „ქართულ ოცნებასაც“, გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, იღებს სრულ პასუხისმგებლობას, დათანმხდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს.