ანრი ოხანაშვილი - ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი, ერთი ადამიანის ხუშტური ვერ გადაწონის ვერც ერთ შეთანხმებას
ანრი ოხანაშვილი - ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი, ერთი ადამიანის ხუშტური ვერ გადაწონის ვერც ერთ შეთანხმებას

ამნისტიის კანონპროექტი შეთანხმებულ ვადაში დაინიცირდება, რათა შეთანხმება შესრულდეს, რა დათქმაც იყო შარლ მიშელის ეგიდით წარმართული დოკუმენტიდან გამომდინარე, ეს ზედმიწევნით მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს იყო მორიგი საქმიანი შეხვედრა. კიდევ გავცვალეთ პოზიციები. იყო სამართლებრივ დეტალებზე საუბარი. შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. შესაბამისად, შეთანხმებას შესრულება სჭირდება. „ქართული ოცნება“ შეთანხმების ერთგული რჩება. შეთანხმებიდან გამომდინარე, ყველას გვაქვს ნაკისრი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, მათ შორის, ეს კომპონენტი შეეხება ამნისტიის კანონპროექტს. ამიტომ, ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება. ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება და კანონადაც იქცევა.

„არავის არაფერი გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება“ პირობას შეასრულებს. თუ იქნება რესურსი, რომ დაგვეთანხმოს ოპოზიცია სამართლიან, რაციონალურ პროექტზე, ეს სამართლიანი და რაციონალური იქნება. თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს მათი არჩევანი იქნება. კანონპროექტი შეთანხმებულ ვადაში დაინიცირდება, რათა შეთანხმება შესრულდეს. რა დათქმაც იყო შარლ მიშელის ეგიდით წარმართული დოკუმენტიდან გამომდინარე, ეს ზედმიწევნით მოხდება. აქედან გამომდინარე, ცოტა უფრო მეტ ინფორმაციას ხვალ გაიგებთ. ჩვენ ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე შევთანხმდით. ერთი ადამიანის ხუშტური, ვის, რა, როგორ მოუნდება, ვერ გადაწონის ვერც ერთ შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, ხვალ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ. გიანონსებთ, რომ ხვალ გვექნება კონკრეტული ბრიფინგი, კონრეტულ საკითხზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი შეთანხმების ტექსტის მაქსიმალური დაცვით დაინიცირდება.

„სამწუხაროდ, საქართველოში არიან რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ ზედმიწევნით ჩაეშალათ შეთანხმება. ახლა ასევე იკვეთებიან ჯგუფები, რომლებსაც შეთანხმების აღსრულების ჩაშლა სურთ. ჩვენი პასუხი და პოზიციაა, რომ შეთანხმებისა და ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით. ყველა პუნქტი, რომელზეც პასუხისმგებლობა ვიკისრეთ, უნდა შესრულდეს.​ შეთანხმებიდან გამომდინარე, ეს შეეხება ყველას, ვისთან მიმართებაშიც შეთანხმებაშია საუბარი. აქედან გამომდინარე, ის დათქმა, რაზეც შევთანხმდით, იქნება დაცული. ჩვენ შეთანხმების ტექსტის იქით არ წავალთ. ეს არის რაციონალური მიდგომა. შეთანხმების ტექსტის მაქსიმალური დაცვით დაინიცირდება კანონპროექტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.