ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ პუტინი არც მას და არც გერმანიას არ დამუქრებია, როგორც ეს ბორის ჯონსონის შემთხვევაში იყო
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ პუტინი არც მას და არც გერმანიას არ დამუქრებია, როგორც ეს ბორის ჯონსონის შემთხვევაში იყო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ პუტინი არც მას და არც გერმანიას არ დამუქრებია, როგორც ეს ბორის ჯონსონის შემთხვევაში იყო. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„არა, პუტინი არც მე და არც გერმანიას არ დაგვმუქრებია. ჩვენს სატელეფონო საუბრებში მკაფიოდ ჩანს, რომ უკრაინაში ომზე ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, მან მკაფიოდ გააგებინა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ომზე სრულადაა პასუხისმგებელი რუსეთი. შოლცის თქმით, მოსკოვის ქმედებები არღვევს მშვიდობიან წესრიგს ევროპაში და ამიტომ გერმანია ეხმარება უკრაინას როგორც ფინანსურად, ისე შეიარაღებით.

ამავე ინტერვიუში შოლცმა უარყო მოსაზრება, რომ გერმანიის მიერ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა კრემლს ახალი ესკალაციისკენ უბიძგებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი სატელეფონო საუბრისას პირადად მას დაემუქრა. კრემლში ამ განცხადებას ტყუილი უწოდეს.