ოფიციალურად - რუსეთს ჰოკეიში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს #1TVSPORT
ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ჩამოართვა რუსეთს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, – იტყობინება ორგანიზაციის პრესსამსახური.
მსოფლიოს ჩემპიონატი სანკტ-პეტერბურგში 2023 წლის 5-21 მაისს უნდა გამართულიყო. ტურნირის ჩატარების ახალი ადგილი მაისში ფედერაციის კონგრესის სხდომაზე გაირკვევა.
„ჩემპიონატის სხვაგან გადატანის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მოთამაშეების, ოფიციალური პირების, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ“, – წერია განცხადებაში.
ადრე ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ასევე წაართვა რუსეთს 2023 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. მანამდე კი რუსეთის ნაკრებები და კლუბები ჩამოაშორა საერთაშორისო ტურნირებს. ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსული აგრესიაა.