ბელარუსს, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი წაართვან
ბელარუსს, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი წაართვან

ევროპარლამენტის დეპუტატმა შვედეთის ლიბერალური პარტიიდან კარინ კარლსბრომ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება იმისთვის, რომ 2021 წელს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში არ ჩატარდეს ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი. ეს ხელმოწერები და შესაბამისი მოწოდება ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ რენე ფაზელს გაეგზავნება.

„სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიკა, მაგრამ ეს არ იძლევა იმის საბაბს, რომ თვალები დავხუჭოთ იმაზე, რაც ახლა ბელარუსში ხდება. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება, როცა პროტესტანტებს ქუჩაში აპატიმრებენ და აწამებენ. სრულიად მიუღებელია იმ რეჟიმის მხარდაჭერა, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღს იყენებს“, – განაცხადა კარლსბრომ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 2021 წელს ლატვიასა და ბელარუსში უნდა გაიმართოს – 21 მაისიდან 6 ივნისამდე. ადრე ფაზელმა განაცხადა, რომ ფედერაცია ჯერ არ გეგმავს ტურნირის ბელარუსული ნაწილის გადატანას სხვა ქვეყანაში.

დატოვე კომენტარი