ოფიციალურად - ბელარუსს ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება წაართვეს
ოფიციალურად - ბელარუსს ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება წაართვეს

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ორგანიზაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, ბელარუსის დედაქალაქ მინსკს ჩამოერთმევა 2021 წელს ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

„აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია იმ აზრამდე მივიდა, რომ დღეისთვის ბელარუსში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებისას შეუძლებელია გუნდების, მაყურებლისა და ოფიციალური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – წერია ფედერაციის განცხადებაში.

მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის მასპინძლის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ფედერაცია მოგვიანებით ჩამოყალიბდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატი 21 მაისიდან 6 ივნისამდე მინსკსა და რიგაში უნდა გამართულიყო. მთელს ევროპაში ვრცელდებოდა მოწოდება იმის თაობაზე, რომ ბელარუსს ჩამოერთვას ჩემპიონატის ჩატარების უფლება მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ მთავრობის დამოკიდებულებისა და რეპრესიების გამო. ამას ისიც დაერთო, რომ ჩემპიონატის მთავარი სპონსორები კონტრაქტების გაწყვეტით დაიმუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის მხარეს ტურნირის მასპინძლობის უფლებას დაუტოვებდნენ.