ნუკრი ქანთარია - „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური ქულების მოპოვება სურს
ნუკრი ქანთარია - „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური ქულების მოპოვება სურს

„ევროპულ საქართველოს“ შეწყალების თაობაზე ინფორმაცია წყარომ მიუტანა, ჩანჩქერმა თუ ვინ, ეს კონკრეტულად უნდა თქვან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, რომელიც  „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ქანთარიას თქმით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას მიმართ გახმაურებული ბრალდება ძალიან ზედაპირულია.

„მესმის, რომ ამით პოლიტიკური ქულების მოპოვება უნდათ, მაგრამ ამას რაღაც საფუძველი უნდა ჰქონდეს. თუ უნდათ, პროკურატურაში საჩივარი შეიტანონ ან მტკიცებულებები წარადგინონ”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „როცა საქმე ამა თუ იმ პირის შეწყალებას ეხება, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და ფინანსურ საკითხებს უშუალოდ მასთან გადიან“.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია არანაირად არ იყო ჩართული შეწყალების პროცესში.