ირმა ნადირაშვილი - წყაროს ინფორმაციით, როცა საქმე ამა თუ იმ პირის შეწყალებას ეხება, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და ფინანსურ საკითხებს მასთან გადიან
ირმა ნადირაშვილი - წყაროს ინფორმაციით, როცა საქმე ამა თუ იმ პირის შეწყალებას ეხება, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და ფინანსურ საკითხებს მასთან გადიან

წყაროს ინფორმაციით, როცა საქმე ამა თუ იმ პირის შეწყალებას ეხება, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და ფინანსურ საკითხებს უშუალოდ მასთან გადიან, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე დეპუტატთან, მათ შორის მასთან კონტაქტზე გავიდა წყარო, რომელიც დაკავშირებულია საადვოკატო წრეებთან.

„წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებით და შუამდგომლობით გვარდება. ამავე წყაროს ინფორმაციით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საქმე ამა თუ იმ პირის შეწყალებას ეხება, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და ფინანსურ საკითხებს მასთან უშუალოდ გადიან. ანუ, გადიან საკითხებს, რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ამ წყაროს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად კორუფციულ საკითხებს გადის თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება შეუძლებელია. ამ ინფორმაციის წყაროს დასახელებას არ ვაპირებ. ეს ინფორმაცია მივიღე გაუთქმელობის დაპირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს პროკურატურას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ძალიან კარგად შეუძლია, გაბუნიას საეჭვო კავშირების დადგენა“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია არანაირად არ იყო ჩართული შეწყალების პროცესში.