ნუგზარ თინიკაშვილი - ყველაფერი, რაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ომის გაგრძელებაა
ნუგზარ თინიკაშვილი - ყველაფერი, რაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ომის გაგრძელებაა

არჩილ ტატუნაშვილი სამშობლოსთვის შეწირული ადამიანია, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან ახალგორის რაიონის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა გააკეთა.

თინიკაშვილის თქმით, არჩილ ტატუნაშვილს დღეს 14:00 საათზე გამოასვენებენ წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ახალგორის რაიონის გამგებელი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ტატუნაშვილის დაკრძალვის გადაწყვეტილების გამო, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უხდის მადლობას.

„ყველაფერი, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს იმ უბედურების და იმ ომის გაგრძელებაა. ყველა შეწირული ადამიანი, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილი არის სამშობლოსთვის შეწირული. ამ ყველაფერს, სამშობლოს სიყვარულს შეეწირა და  სწორედ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა მისი ადგილი. კიდევ ერთხელ მინდა ხელისუფლებას, ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, უდიდესი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.