ნინო წიკლაური გიგანტურ სლალომში 52-ე ადგილზე გავიდა
ნინო წიკლაური გიგანტურ სლალომში 52-ე ადგილზე გავიდა

შვედეთის კურორტ ორეში გაგრძელდა მსოფლიოს ჩემპიონატი სამთო თხილამურებში. მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდა ქალებს შორის გიგანტურ სლალომში.

ამ დისციპლინაში გამოდიოდა საქართველოს ნაკრების წევრი ნინო წიკლაური. 98 მონაწილეს შორის, მან 52-ე დრო აჩვენა. პირველ ცდაზე წიკლაურმა წუთი და 9.53 წამი მოანდომა დაშვებას, მეორეზე – წუთი და 7.27 წამი. ორი ცდის ჯამში ქართველმა ორი წუთი და 16.8 წამი აჩვენა და 14.83 წამით ჩამორჩა გამარჯვებულს.
სულ ორი ცდის ჯამში დრო 54-მა მოთხილამურემ დააფიქსირა.

გამარჯვებული გახდა სლოვაკი პეტრა ვლჰოვა, რომლის ჯამური დრო იყო 2:01.97. მას 14 მეასედი წამით ჩამორჩა გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი. მხოლოდ მესამეზე გავიდა მსოფლიოს თასის ლიდერი, ამერიკელი მიკაელა შიფრინი – მისმა ჩამორჩენამ ვლჰოვასთან 38 მეასედი წამი შეადგინა.

ვლჰოვასთვის ეს მეორე მედალია ჩემპიონატში. მანამდე მან ვერცხლი მოიგო კომბინაციაში.