ქართველმა მოთხილამურემ და სნოუბორდისტმა საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს
ქართველმა მოთხილამურემ და სნოუბორდისტმა საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს

იტალიის კურორტ პასო სან პელეგრინოში სლალომში სარეიტინგო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ჩატარდა. პირველობაში 10 ქვეყნის 107-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ქართველი სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელიც ნაჩვენები შედეგით მხოლოდ იტალიელ სოფია გრაფი ბრუნოს ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. მესამე პოზიციაზე აშშ-ის წარმომადგენელი ბრიანა ტრუდო გავიდა.

წიკლაურმა შეჯიბრის საპრიზო ადგილზე დასრულებით მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები მოიპოვა.

დღესვე, ბულგარეთის კურორტ ოსოგოვოში ასევე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებული ტურნირი გაიმართა პარალელურ სლალომში. ქართველმა სნოუბორდისტმა რევაზ ნაზღაიძემ მესამე საპრიზო ადგილზე გასვლა შეძლო და სარეიტინგო ქულები გაიუმჯობესა.