ნინო ლომჯარია - ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის დანაშაულზე, პოლიციელი იქნება თუ აქციის მონაწილე
ნინო ლომჯარია - ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის დანაშაულზე, პოლიციელი იქნება თუ აქციის მონაწილე

ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის დანაშაულზე, პოლიციელი იქნება თუ აქციის მონაწილე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის დაკავების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს გამოძიება სჭირდება.

„ჩემი ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი მოქალაქე და ათი პოლიციელი. ამ ფაქტს სჭირდება გამოძიება. ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის დანაშაულზე, იქნება პოლიციელი თუ აქციის მონაწილე. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს ობიექტური მიდგომა. მეც ახლა გავიგე მისი დაკავების შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამ პროცესში, თუ მას დასჭირდება დახმარება ან ექნება არგუმენტაციები თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო მის მიმართ დევნა. ამ ეტაპზე უფრო სრულყოფილ შეფასებას ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

​„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. შსს-მ დავით კირკიტაძის დაკავებაზე ოფიციალური ინფორმაცია და ვიდეოკადრებიც გაავრცელა. კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ვინც ნახა, დავით კირკიტაძე გუშინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით.