ნინო ლომჯარია - ოკუპაციის საკითხისადმი დამოკიდებულების გამო, პოზნერი მიუღებელი პირი თუ იყო, სახელმწიფოს ჰქონდა საკანონმდებლო ბერკეტი, არ შემოეშვა საქართველოს ტერიტორიაზე
ნინო ლომჯარია - ოკუპაციის საკითხისადმი დამოკიდებულების გამო, პოზნერი მიუღებელი პირი თუ იყო, სახელმწიფოს ჰქონდა საკანონმდებლო ბერკეტი, არ შემოეშვა საქართველოს ტერიტორიაზე

გარკვეული გარემოებები ან ეჭვები თუ არსებობს, რომ კონკრეტული პირების შემოსვლა არ არის ქვეყნის ინტერესებში, სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, ისინი არ შემოუშვას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, ოკუპაციის საკითხისადმი დამოკიდებულების გამო, ვლადიმერ პოზნერი მიუღებელი პირი თუ იყო, სახელმწიფოს ჰქონდა საკანონმდებლო ბერკეტი, არ შემოეშვა საქართველოს ტერიტორიაზე.

„სახელმწიფოს აქვს სრული უფლება და კომპეტენცია, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობითაც, რომ თუ არსებობს გარკვეული გარემოებები, ან ეჭვები იმის თაობაზე, რომ კონკრეტული პირების ქვეყანაში შემოსვლა არ არის სახელმწიფი ინტერესებში გარკვეული გარემოებების გამო, მას შეუძლია, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვას. ამ უფლებამოსილებას ჩვენი სახელმწიფო ძალიან ხშირად იყენებს და ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც არაერთი პირი მიმართავს ხოლმე, რომ სრულიად დაუსაბუთებლად, ძალიან ბუნდოვან მუხლზე მითითებით, სახელმწიფო ძალიან ხშირად იყენებს ამ უფლებამოსილებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჰქონდა შესაძლებლობა, ასევე საკანონმდებლო ბერკეტიც, რომ თუ ის ამ რისკებს ხედავდა, თუ მისთვის არასასურველი პირები იყვნენ, მათი პოლიტიკური მოსაზრებების თუ სახელმწიფოს ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით დამოკიდებულების გამო, მიეღო ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.