ნინო ბურჯანაძე - მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოშია, „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმითაა დაკავებული, გვიმტკიცოს, რომ ასე არ არის, ეს გვაჩვენებს, რა კატასტროფაშია ქვეყანა
ნინო ბურჯანაძე - მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოშია, „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმითაა დაკავებული, გვიმტკიცოს, რომ ასე არ არის, ეს გვაჩვენებს, რა კატასტროფაშია ქვეყანა

ეს ვითარება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა კატასტროფაშია ქვეყანა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაშია და ვიდეოს ავრცელებს, ხოლო „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმითაა დაკავებული, გვიმტკიცოს, რომ ის ქვეყანაში არაა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არ გაუკვირდება, თუ სააკაშვილი მართლაც საქართველოში იმყოფება.

„ბუნებრივია, 100%-ით ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, არის თუ არა ის საქართველოში, მაგრამ თავად ეს ფაქტი და მოცემულობა ქვეყნისათვის აბსოლუტურად კატასტროფაა. ნამდვილად არ გამიკვირდება და ვფიქრობ, ასეცაა ალბათ, სააკაშვილი საქართველოშია, რადგან საქართველოში რამდენიმე ობიექტია დაცული, ესაა – აბასთუმანი, ურეკი, შუშის სასახლე, დანარჩენი საქართველო ჩამონგრეულია, საზღვრები მოშლილია, ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. შსს-ს ინფორმაციით, მას არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი.