ნინო ბურჯანაძე - პოზნერის გადაცემაში ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას, რათა დავაფიქსირო, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა
ნინო ბურჯანაძე - პოზნერის გადაცემაში ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას, რათა დავაფიქსირო, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა

პოზნერის ჩამოსვლა საქართველოში უდროო იყო, არ იყო დრო სწორად შერჩეული, ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პოზნერის გადაცემაში მონაწილეობას ყოველთვის მიიღებს.

„მის გადაცემაში და ნებისმიერი სხვა ჟურნალისტის გადაცემაში, რომელსაც ასი მილიონი ადამიანი უყურებს, ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას, რათა დავაფიქსირო ჩემი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის ისიც, რომ საქართველოა როგორც აფხაზეთი, ისევე სამაჩაბლო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.