ნინო ბურჯანაძე - მოსახლეობის განწყობა აშკარად არის ის, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს
„ქართული ოცნების“ 47% ძალიან სადავოა, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ ჩატარდა ეს არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ სამარცხვინოდ რიგდებოდა გოჭები, ღვინო და როგორ ჩართეს ვითომ შავი ბიჭები, რომლებიც სინამდვილეში გაწითლდნენ; როგორ აშინებდნენ ადამიანებს, რამდენი ფული დაიხარჯა იმისთვის, რომ ადამიანები მოესყიდათ და ასე შემდეგ, მაგრამ ისედაც რომ ჩავთვალოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 47% აიღო, 53% ხომ მას არ უჭერს მხარს? ეს ხომ ფაქტია?! 53% არის ნახევარზე მეტი და შესაბამისად, მოსახლეობის განწყობა აშკარად არის ის, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ამ განცხადებით ნინო ბურჯანაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ემთხვევა თუ არა ოპოზიციის განწყობები ამომრჩევლის განწყობებს, იმის გათვალისწინებით, რომ პირველ ტურში, პროპორციულ ნაწილში, „ქართულმა ოცნებამ“ 47% აჩვენა.
შეკითხვაზე, ცდილობს თუ არა ოპოზიცია მისი პარტიისგან ერთგვარ დისტანცირებას და რამდენად შეიძლება, ითქვას, რომ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ ოპოზიციური კოალიციის ნაწილია, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არავისთვის ყოფილა, მაგრამ ყველას ესმის, რომ ახლა არის უკიდურესი აუცილებლობა, აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანდეს.
„გასაგებია, რომ ხანდახან არის რაღაც განცხადებები, რომლებიც შეიძლება, კითხვის ნიშნებს ტოვებს, თუმცა ჩვენ გვქონდა ერთმანეთთან საუბარი და ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველანაირი განსხვავება გვერდზე გადავდოთ. რა თქმა უნდა, არც ჩემთვის, არც სხვებისთვის და თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს აქციაზე იმყოფებოდა, ადვილი არ იყო ამ ნაბიჯების გადადგმა, რაც ერთმანეთისკენ გადავდგით, მაგრამ ახლა არის უკიდურესი აუცილებლობა, რომ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანდეს. იმიტომ, რომ ერთობის გარეშე ჩვენ ვერ დავამარცხებთ 5 მილიარდიან ბიძინა ივანიშვილს და იმ უტიფარ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობაში მიიყვანა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.