ნინო ბურჯანაძე - არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით ხელახლა გავაკეთოთ დავალება, საარჩევნო სისტემაზე წინადადებებს „ქართული ოცნებისგან“ ველოდებით
ნინო ბურჯანაძე - არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით ხელახლა გავაკეთოთ დავალება, საარჩევნო სისტემაზე წინადადებებს „ქართული ოცნებისგან“ ველოდებით

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“  ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციამ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი შესთავაზა და ახლა უკვე მმართველმა პარტიამ უნდა თქვას, რომელი ვარიანტი არის ხელსაყრელი.

ბურჯანაძე ამბობს, რომ რაიმე ახალი ვარიანტის შემუშავებას აღარ აპირებენ.

„ჩვენ არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით დაგვიბრუნონ საშინაო დავალება ორიანით, დაგვავალონ, რომ ხელახლა გავაკეთოთ დავალება და მივიტანოთ მათთან. პროპორციული სისტემიდან წამოვედით დათმობაზე გერმანულ მოდელზე, შემდეგ გავყავით გერმანული მოდელი, შემდეგ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი მრავალმანდატიანის. ახლა ნამდვილად მათ მხარეს არის ბურთი, რაც არ უნდა ისაუბრონ, მე მგონი დიპლომატების საუბრითაც ნათლად ჩანს. მე პირდაპირ შევთავაზე, ასევე ჩემმა კოლეგებმაც, თქვენ გვითხარით რა გაწყობთ. ხომ არ შეიძლება ჩვენ კიდევ ახალი ვარიანტი მივიტანოთ, შემდეგ კიდევ ერთი კვირა იფიქრებენ და გვეტყვიან, რომ არ მოსწონთ, შემდეგ კიდევ და ასე შემდეგ. საზოგადოების და თავის მოტყუება, ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ ვაპირებთ ასე გაგრძელებას. ჩვენ მათ შევთავაზეთ ვარიანტები, ახლა მათი ჯერია გვითხრან, რა ვარიანტი აწყობთ. მათი მოთხოვნა, მოიფიქრეთ ვარიანტი, რომლითაც ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უმრავლესობას მივიღებთ, რამდენიც არ უნდა გვქონდეს პროცენტულად მოსახლეობის მხარდაჭერა, აქ ჩვენ არ გამოვდგებით არც ერთ შემთხვევაში. პასუხი უნდა მოიტანოს „ქართულმა ოცნებამ“ და არა ჩვენ “ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა გუშინ, 15 დეკემბერს რამდენიმე საათიის განმავლობაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. 

თეა წულუკიანის თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს მრავალმანდატიან სისტემაზე, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში არსებობს. წულუკიანის განცხადებით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები, საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, მისაღები ვერ იქნება.

თეა წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ მომდევნო შეხვედრაზე აღარ განიხილება ის საკითხები, რაზეც დღეის ჩათვლით იმსჯელეს და საჭიროა, სრულიად ახალი ინიციატივა გაჩნდეს.

დიპლომატების მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი შეხვედრა პარასკევს, 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.

თეა წულუკიანმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ჯერჯერობით უცნობია, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის რომელ მოდელზე იმსჯელებენ.