თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრაზე მრავალმანდატიან სისტემაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრაზე მრავალმანდატიან სისტემაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც მსოფლიოში  ძალიან ცოტა ქვეყანაში არსებობს. კერძოდ, წულუკიანის განმარტებით, ეს ქვეყნებია ავღანეთი და ერაყი.

წულუკიანის განცხადებით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები, საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, მისაღები ვერ იქნება.

„ვერანაირი შედეგი დღეს ვერ დადგა, რადგან ჩვენ ვიხილავდით მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში მაჟორიტარული სისტემის გადაკეთების შესაძლებლობას, მარტივ ენაზე რომ ვთქვა. ჩვენ მოვიტანეთ ჩვენი არგუმენტები, ანალიზი გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ ის მოდელი, რომელზეც იყო საუბარი, არის მხოლოდ ავღანეთში, ერაყში, და ალბათ  იმ ქვეყნებში ეს მოდელი შეძლებისდაგვარად მუშაობს, მაგრამ ვთქვით, რომ ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ვერ იქნება. ძალიან მარტივად რომ ავხსნა, ოპოზიცია ითხოვს ამ მოდელის ფარგლებში იმას, რომ მესტიიდან ხარაგაულამდე იყოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, ანუ მაჟორიტარი, რომ დედოფლისწყაროდან ყაზბეგამდე მცხოვრებ ადამიანებს ჰყავდეთ ერთი მაჟორიტარი, რომ გლდანს, ნაძალადევს და დიდუბეს ჰყავდეს ერთი მაჟორიტარი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს წარმომადგენლობის პრინციპი არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, რომ ეს მოდელი არსებობს მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში. გერმანული მოდელი უარყოფილი იქნა, დღეს ვიმსჯელეთ მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც არსებობს მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაში და როგორც აღვნიშნე, ორი ქვეყანა დასახელდა, ეს არის ავღანეთი და ერაყი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, მისაღები ვერ იქნება, მითუმეტეს, რომ გვინდა, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი, პასუხისმგებელი პირი ჰყავდეს ჩვენს მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ მრავალმანდატიან სისტემაზე იყო საუბარი.

„არც მამუკა მდინარაძის ინიციატივაზე და არც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე დღეს საუბარი არ იყო. საუბარი იყო მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე  არსებული კონსტიტუციის ფარგლებში“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ მომდევნო შეხვედრაზე აღარ განიხილება ის საკითხები, რაზეც დღეის ჩათვლით იმსჯელეს.

„საჭირო იქნება, სრულიად ახალი ინიციატივა გაჩნდეს“ , – დასძინა თეა წულუკიანმა.