თეა წულუკიანი - გერმანულ და ე.წ. ავღანურ მოდელებზე უარი ითქვა, 20 დეკემბერს რაზე უნდა ვიმსჯელოთ, ჯერ არ ვიცით
თეა წულუკიანი - გერმანულ და ე.წ. ავღანურ მოდელებზე უარი ითქვა, 20 დეკემბერს რაზე უნდა ვიმსჯელოთ, ჯერ არ ვიცით

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 20 დეკემბერს დაგეგმილ მორიგ შეხვედარზე საარჩევნო სისტემის რომელ მოდელზე იმსჯელებენ.

„ჯერ არ ვიცით, რაზე ვიმსჯელებთ, რადგან გერმანულ მოდელზე უარი ითქვა, ის არის ანტიკონსტიტუციური, ეგრედ წოდებულ ავღანურ მოდელზე გუშინ ითქვა უარი, რადგან ეს არის ავღანური მოდელი და ვერ გახდება ქართული მოდელი, ხოლო პარასკევს რაზე უნდ ვიმსჯელოთ, ამაზე მიმდინარეობს შუამავლების აქტიური ჩართულობით წინარე დისკუსიები. არ არის ჯერ ჩემთვის ცნობილი. როდესაც ვამბობ, რომ პარასკევს არ ვიცი, რაზე ვიმსჯელბთ, შესაბამისად ვერც ის მეცოდინება, წავალ თუ არა დათმობაზე“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანია, უფრო მარტივად მოხვდნენ პარლამენტში, მარტივად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

„ოპოზიციის მთავარი მიზანი არის, როგორც შეხვედრაზე გუშინ აღინიშნა, რომ უფრო მარტივად შევიდნენ პარლამენტში, უფრო მარტივად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს მოდელი (მრავალმანდატიანი სისტემა) თუ შემოვა, ნიშნავს იმას, რომ მესტიიდან ხარაგაულის ჩათვლით, ერთი მაჟორიტრი უნდა ყავდეს მოცემულ არეალს, გლდანში, ნაძალადევში, დიდუბეში უნდა იყოს ერთი მაჟორიტარი ან კიდევ დედოფლისწყაროდან ყაზბეგის ჩათვლით უნდა იყოს ერთი მაჟორიტარი. ჩვენ ვთვლით, რომ ამას ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს და ამ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესს არ შეესაბამება. დაისვა კითხვა, რომელ ქვეყნებშია ეს მოდელი წარმატებული და აღმოჩნდა, რომ ასეთი მოდელი მართლაც ფუნქციონირებს, მაგრამ ავღანეთში და ერაყში, არც თუ ისე წარმატებულად. იქ წარმატებული რომც იყოს, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა და გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტები და მიდგომები, რომლებიც ადგილობრივ სპეციფიკაზეა დაფუძნებული. სხვა ევროპული ქვეყანა, სადაც ეს მოდელია, არ არსებობს და ვერც ოპოზიციის მიერ ვერ იქნა დასახელებული“ ,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა გუშინ, 15 დეკემბერს რამდენიმე საათიის განმავლობაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. 

თეა წულუკიანის თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს მრავალმანდატიან სისტემაზე, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში არსებობს.

წულუკიანის განცხადებით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები, საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, მისაღები ვერ იქნება.