ნიკოლოზ ჯღარკავა - ქალთა ფეხბურთი შემდეგ საფეხურზე უნდა ავიყვანოთ #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედრაციის (სფფ-ის) ვიცეპრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ კომენტარი გააკეთა ქალთა ფეხბურთის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიაზე, რომელიც სფფ-მ 31-ე ყრილობაზე წარმოადგინა.
ქალთა ფეხბურთის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვან შვიდ ძირითად მიმართულებას მოიცავს.
„ხუთი წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა ფეხბურთის განვითარების გრძელ და რთულ გზას დაადგა. თავისი ჰოლისტური მიდგომით ფედერაციამ მომდევნო სტრატეგიული პერიოდისთვის მყარი საფუძველი ჩამოაყალიბა. ამ გზის დასაწყისში, ჩვენი ქალი ფეხბურთელებისთვის კონკურენტუნარიან მატჩებში მონაწილეობის ერთადერთ პლატფორმას საერთაშორისო ტურნირების შესარჩევი ეტაპი წარმოადგენდა, ვინაიდან საქართველოში ქალთა ეროვნული ლიგა ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრი არ ტარდებოდა. სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განვითარების წამყვანი პროგრამის მეშვეობით ჩვენ გარემო მნიშვნელოვნად შევცვალეთ“, – ამბობს ნიკოლოზ ჯღარკავა.
სფფ-ის ვიცეპრეზიდენტის თქმით, ქალთა ფეხბურთის საფუძვლის ჩამოყალიბების შემდეგ, სფფ-მ უნდა გააგრძელოს მმართველი ორგანოს როლის შესრულება და უზრუნველყოს ქალებისა და გოგონებისთვის ჩართულობის შესაძლებლობა: „ეს იმიტომ გვჭირდება, რათა შემდგომ გოგონებმა ამ ჩართულობით შექმნილი იმპულსით ისარგებლონ. ახლა აღარ არის გაჩერების და მიღწეულით დაკმაყოფილების დრო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა და ქალთა ფეხბურთი შემდეგ საფეხურზე ავიყვანოთ. ამას მივაღწევთ მეტი რესურსის ჩადებით, უფრო მკაფიო ხედვის შემუშავებით, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურად თანამშრომლობით და უეფა-ს ქსელიდან საუკეთესო პრაქტიკის გადმოღებით, ჩვენივე პროექტების, კვლევებისა და ანალიზის განსახორციელებლად. სფფ-მ საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია სწორედ ამიტომ შეიმუშავა. მოხარული ვართ, ამ დოკუმენტის საშუალებით გავაზიარეთ ჩვენი გეგმები, რათა ფეხბურთში ჩართვის სტიმული სულ უფრო მეტ გოგონას მივცეთ“.
ჯღარკავამ სტრატეგიის მთავარი მიზანზე ილაპარაკა: „უნდა შეიქმნას ძლიერი დამხმარე სტრუქტურა საზოგადოებრივ ადგილებსა და კლუბებში, რაც ჩვენს მწვრთნელებს, მსაჯებს და მოხალისეებს მისცემს განვითარებისა და ზრდის საშუალებას. გრძელვადიანი წარმატებისთვის საჭიროა პარტნიორებთან ერთად ქალთა ფეხბურთის პოზიტიური და ინსპირაციული იმიჯის შექმნა და უსაფრთხო, მდგრადი გარემოს ჩამოყალიბება ყველა გოგონასა და ქალისთვის, ვისაც თამაში სურს“.