იტალიის დედაქალაქ რომში „მასტერსის“ მორიგი ტურნირი დაიწყო, რომელიც მოგებით გახსნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
პირველ წრეში ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ეთამაშებოდა, რომელთანაც წელს ორიდან ორი მატჩი ჰქონდა წაგებული.
ბასილაშვილმა მატჩი კარგად დაიწყო – პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. ფუჩოვიჩმა უკუბრეიკის შანსი მეოთხე გეიმში მიიღო, მაგრამ ბრეიკ- პოინტი ვერ გამოიყენა. მომდევნო გეიმში კი ბასილაშვილმა ისევ აიღო მეტოქის მოწოდება და უკვე ორმაგი ბრეიკით იგებდა. ამის შემდეგ უნგრელმა პრაქტიკულად შეწყვიტა წინააღმდეგობა, კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი გეიმი და 1:6 დამარცხდა.
მეორე სეტი პირველის მსგავსად დაიწყო – ბასილაშვილმა ისევ სტარტზე გააკეთა ბრეიკი, ოღონდ, ამჯერად, ფუჩოვიჩმა იქვე უპასუხა უკუბრეიკით. ამის შემდეგ, ბრძოლა უნგრელის გეიმებში იყო. მაგალითად, მეოთხე გეიმში ქართველმა ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მეექვსე გეიმში შეასრულა ბრეიკი. თუმცა, ნიკამ მაინც გაირთულა საქმე, როცა 5:2-ზე ზედიზედ სამი გეიმი წააგო და ტაი-ბრეიკის თამაში დასჭირდა.
მე-13 გეიმი ქართველმა შესანიშნავად წარმართა და საბოლოოდ, საათსა და 41 წუთში ბასილაშვილმა 6:1, 7:6(2) მოიგო და მეორე წრეში გავიდა, სადაც ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და სერბ ლასლო ჯერეს შორის მოგებულს შეხვდება.