ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის „მასტერსის“ პირველი წრე გაიარა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის „მასტერსის“ პირველი წრე გაიარა

იტალიის დედაქალაქ რომში „მასტერსის“ მორიგი ტურნირი დაიწყო, რომელიც მოგებით გახსნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

პირველ წრეში ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ეთამაშებოდა, რომელთანაც წელს ორიდან ორი მატჩი ჰქონდა წაგებული.

ბასილაშვილმა მატჩი კარგად დაიწყო – პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. ფუჩოვიჩმა უკუბრეიკის შანსი მეოთხე გეიმში მიიღო, მაგრამ ბრეიკ- პოინტი ვერ გამოიყენა. მომდევნო გეიმში კი ბასილაშვილმა ისევ აიღო მეტოქის მოწოდება და უკვე ორმაგი ბრეიკით იგებდა. ამის შემდეგ უნგრელმა პრაქტიკულად შეწყვიტა წინააღმდეგობა, კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი გეიმი და 1:6 დამარცხდა.

მეორე სეტი პირველის მსგავსად დაიწყო – ბასილაშვილმა ისევ სტარტზე გააკეთა ბრეიკი, ოღონდ, ამჯერად, ფუჩოვიჩმა იქვე უპასუხა უკუბრეიკით. ამის შემდეგ, ბრძოლა უნგრელის გეიმებში იყო. მაგალითად, მეოთხე გეიმში ქართველმა ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მეექვსე გეიმში შეასრულა ბრეიკი. თუმცა, ნიკამ მაინც გაირთულა საქმე, როცა 5:2-ზე ზედიზედ სამი გეიმი წააგო და ტაი-ბრეიკის თამაში დასჭირდა.

მე-13 გეიმი ქართველმა შესანიშნავად წარმართა და საბოლოოდ, საათსა და 41 წუთში ბასილაშვილმა 6:1, 7:6(2) მოიგო და მეორე წრეში გავიდა, სადაც ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და სერბ ლასლო ჯერეს შორის მოგებულს შეხვდება.