ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ტურნირის მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი სათამაშო ფორმის აღდგენას განაგრძობს. ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანეთის ქალაქ მურსიაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის მერვედფინალში გასვლა მოახერხა.
მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილმა მსოფლიოს 151-ე ჩოგანი, ნიდერლანდელი იესპერ დე იონგი ორ სეტში, 6:3, 6:2 დაამარცხა.
ტრავმის შემდეგ ნიკოლოზისთვის დე იონგთან შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის ყველა კომპონენტში დომინირებდა და მეტოქეს თავისი რიტმის პოვნის საშუალება არ ჰქონია.
მურსიის ტურნირზე ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა და ორი მეტოქე დაამარცხა. მანამდე ის ლეს ფრანკესეს დელ ვალესის ტურნირზე თამაშობდა და ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო.
მურსიაში ქართველის მომდევნო მეტოქე ფრანგი ჩოგბურთელი უგო ბლანშეტი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 199-ე ადგილზეა.