ნიკოლოზ ბასილაშვილი - ამ მომენტში საკუთარი თამაშის პიკზე ვიმყოფები და ყველაზე უკეთ ვგრძნობ თავს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა კომენტარი გაუკეთა ინდიან უელსის „მასტერსის“ ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცის დამარცხებას. ქართველი ჩოგბურთელის თქმით, „დიდი სლემის“ მეხუთე ჩემპიონატად წოდებული ტურნირის ფინალში გასვლა ძალიან ბევრს ნიშნავს მისი კარიერისთვის.
„კარიერაში პირველად „მასტერსის“ ფინალში გასვლა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, განსაკუთრებით ინდიან უელსში, რომელსაც „დიდი სლემის“ მეხუთე ტურნირს უწოდებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი ბარიერის გავლა და ფინალში მოხვედრა. ამ მომენტში საკუთარი თამაშის პიკზე ვიმყოფები და ყველაზე უკეთ ვგრძნობ თავს.
ეს ჩემი პირველი ნახევარფინალი იყო ასეთ მაღალ დონეზე და ოდნავ დაძაბული ვგრძნობდი თავს. უბრალოდ ვცდილობდი, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, ეს დაძაბულობა მომეხსნა, რადგან, როცა მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული, შემიძლია კარგი ჩოგბურთის ჩვენება“, – განაცხადა ბასილაშვილმა.
ქართველმა კემერონ ნორისთან მოსალოდნელ ფინალზეც გააკეთა მოკლე კომენტარი. ამ სეზონში ბასილაშვილმა ბრიტანელთან ერთი მატჩი ჩაატარა – როტერდამის ტურნირზე 0:6, 3:6 დამარცხდა.
„ის ძალიან უხერხული მეტოქეა და დღეისთვის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ნორი ძალიან საინტერესო ჩოგბურთს აჩვენებს“, – თქვა ბასილაშვილმა.
ფინალი 18 ოქტომბერს, თბილისის დროით ღამის სამ საათზეა დანიშნული.