გამოცემა Mozzart Sport-ის ჟურნალისტის, დეიან სტანკოვიჩის ინფორმაციით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის უკანასკნელი სეზონის ფინალური სერიის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) ნიკოლა იოკიჩი მოახლოებულ საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს არ აპირებს.
იოკიჩმა გასულ წელს სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, შემდეგ კი „დენვერ ნაგეტსთან“ ერთად NBA-ში გრძელი სეზონი ჰქონდა. კალათბურთელი თვლის, რომ მას დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება, შესაბამისად, ის მუნდიალზე სერბეთის ეროვნულ გუნდთან ერთად არ გაემგზავრება.
გარდა იოკიჩისა, სერბეთს მსოფლიო პირველობაზე „ოკლაჰომას“ ახალწვეული ვასილეი მიციჩი და „ბარსელონას“ ფორვარდი ნიკოლა კალინიჩიც გამოაკლდება.
როგორც სტანკოვიჩი წერს, NBA-ს ორგზის MVP ნიკოლა იოკიჩი მომავალ წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ითამაშებს საკუთარი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში.
იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე არიან ახალი ზელანდიის, საბერძნეთისა და იორდანიის ეროვნული გუნდები.