ნიკოლ ფაშინიანი დღეს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შეხვდება
ნიკოლ ფაშინიანი დღეს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შეხვდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრება და ახალქალაქში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს 30 მაისს ორდღიანი ვიზიტით მეუღლესთან ერთად ეწვია.

თბილისის აეროპორტიდან ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პირისპირ შეხვდა. მოგვიანებით კი ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგა.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესაც შეხვდა.

სომხეთის პრემიერი თბილისის საკრებულოში სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.

ღონისძიების შემდგომ, ნიკოლ ფაშინიანს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ვახშამზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან სომხეთში ავტომანქანით დაბრუნდება.