ნიკოლ ფაშინიანი - ალიევს პროვოკაციული განცხადებებით შეთანხმებიდან გასვლა სურს
ნიკოლ ფაშინიანი - ალიევს პროვოკაციული განცხადებებით შეთანხმებიდან გასვლა სურს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიღწეული შეთანხმების გასვლა სურს. სომხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამას ემსახურება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბოლო განცხადება, რომელშიც ალიევი სომხეთის ტერიტორიებზე პრეტენზიებს გამოთქვამს.

„44-დღიანი ომის შემდეგ, სიუნიქის ოლქის გარშემო უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია შეიცვალა და ეს სიტუაცია უარესდება აზერბაიჯანის ხელისუფლების პროვოკაციული და არეული, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებით. ერთი მხრივ, აზერბაიჯანი ამბობს, რომ არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები ან მოლოდინი სომხეთის მისამართით, ხოლო მეორე მხრივ, საუბრობს „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნაზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ალიევის განცხადება სათანადოდ შეაფასონ.

„9 ნოემბრის შეთანხმებაში არ არის ნახსენები სიტყვები „ზანგეზური“, „სიუნიქი“, „დერეფანი“, იქ საუბარია რეგიონული კომუნიკაციების გახსნაზე, ხოლო 11 იანვრის განცხადებაში ჩვენ მკაფიოდ ვახდენთ კონსტატაციას, რომ უნდა გაიხსნას კავშირის ყველა არხი. აზერბაიჯანი თუ ლაპარაკობს ზანგეზურის დერეფანზე, ამავე ლოგიკით, სომხეთს შეუძლია, ისაუბროს ნახიჩევანის დერეფანზე, სამხრეთ-აზერბაიჯანულ დერეფანზე, რადგან შეთანხმებით აზერბაიჯანს შეუძლია, მიიღოს მხოლოდ ისეთი დერეფანი, რომლის ანალოგიურსაც სომხეთი მიიღებს აზერბაიჯანის გავლით, მათ შორის ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით“, – განაცხადა სომხეთის-პრემიერ მინისტრმა.

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის ეს განცხადებები პროვოკაციულია და სიტუაციის დაძაბვას ისახავს მიზნად.

მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუ სომხეთი პრობლემებს შეუქმნის ნახიჩევანის მიმართულების სატრანსპორტო კომუნიკაციების გაყვანას.

დატოვე კომენტარი