მე მაქვს ზეიმი და თქვენ – პანაშვიდი, – ასე მიმართა კოლეგებს ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ. ნიკა მელიამ მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს, რომელმაც მას განუცხადა: „თქვენს მეგობრებს არ აქვთ არგუმენტები, მათ დღეს მიგატოვეს, რომ ვინმეს შეცოდებოდით“.
„კოლეგებს ვთხოვე და შემისრულეს, დღეს მე აქ ვარ მარტო და თქვენ ხართ ბევრნი, მე დღეს ამაყი ვარ და თქვენ არ ხართ ამაყები, მე ვარ თავისუფალი და თქვენ თავს გრძნობთ პირიქით, უხერხულ მორჩილებაში. მე ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის სიამაყით ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი და თქვენ ძალიან ცოტა გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისთვის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვით.
მგონია, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მჯერა, რომ თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ; შემიძლია, თითოეულ თქვენგანს თვალი თვალს გაგისწოროთ და თქვენ არ შეგიძლიათ, ეს იგრძნობა ამ დარბაზში.
დიახაც, მე ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, დღეს აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ამაყი ვარ და ზეიმი მაქვს, და თქვენ პანაშვიდი. დღეს თქვენ განაჩენს ვერ გამომიტანთ, ღილაკზე მიჭერით თქვენ თქვენს ბედს და საკუთარ ცხოვრებას განსაზღვრავთ, ამიტომ, წარმატებები. ამის თქმასაც არ ვაპირებდი, რომ არა ცილისწამება ჩემი კოლეგების მიმართ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, ნიკა მელიას თხოვნა იყო, არ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას.
სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყებამ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობა მოითხოვა.
ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომამდე დღეს საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.