მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას მიმართავს - თქვენს მეგობრებს არ აქვთ არგუმენტები, მათ დღეს მიგატოვეს, რომ ვინმეს შეცოდებოდით
მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას მიმართავს - თქვენს მეგობრებს არ აქვთ არგუმენტები, მათ დღეს მიგატოვეს, რომ ვინმეს შეცოდებოდით

თქვენს მეგობრებს არ აქვთ არგუმენტები, მათ დღეს მიგატოვეს, რომ ვინმეს შეცოდებოდით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.

პლენარულ სხდომას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებიან.

„ბატონო ნიკა, თქვენ და თქვენს მეგობრებს დღევანდელ სხდომაზე შეგეძლოთ, ორნაირად გემოქმედათ. ერთი ეს იყო – ისე მოქცეულიყავით, როგორც იქცევით და ამის პიარული დაგეგმვის საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ხალხს შეცოდებოდით, გასაგებია, ეს არის სიმართლე. მეორე – მოსულიყვნენ თქვენთან ერთად თქვენი კოლეგები, რომლებიც დღეს ისხდნენ საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე და არგუმენტები არ ჰქონდათ, არგუმენტებით თქვენი სიმართლის შემთხვევაში ენახებინათ ჩვენი საზოგადოებისთვის თქვენი არგუმენტების სიმყარე, მაგრამ მათ მიგატოვეს, რადგან დღეს ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით. არ მგონია, პროფესიონალიზმი არ ჰყოფნიდეთ, დაგიცვათ სათანადოდ. ამიტომ, ნუ შეაფასებთ მათ პიარსვლას სწორად, სადაც მიგატოვეს იმიტომ, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოს. ეს არ არის სწორი მათი მხრიდან. ამ შემთხვევაში თქვენზე არაფერს ვლაპარაკობ. ადამიანურად გავიგე, გასაგებია ყველაფერი. აქ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ ადამიანურად და მართლა განვიცდით, მათ კი მიგატოვეს და არგუმენტები არ წარმოადგინეს, რაც უნდა წარმოედგინათ, თუ ასეთი იყო რა თქმა უნდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, ნიკა მელიას თხოვნა იყო, არ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას.

სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყებამ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობა მოითხოვა.

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომამდე დღეს საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.