ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში „საბურთალოს” მცველი, ნიკა მალი გამოიძახა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ გუნდში სადებიუტო გამოძახებაა.
„ჯვაროსნები” D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდნენ და მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავენ. ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს დაიწყებს მზადებას.
„საბურთალოს” აღზრდილმა, ნიკოლოზ მალიმ ნაკრებში მიწვევასთან დაკავშირებით, მცირე კომენტარი გააკეთა:
„ნაკრებში გამოძახებით გახარებული და ბედნიერი ვარ. ჩემი ოცნება ქვეყნის პირველ გუნდში თამაში და ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო. რა თქმა უნდა, ნაკრებში გამოძახება დამატებითი სტიმულია. ვეცდები ნდობა გავამართლო და გულშემატკივარი კარგი თამაშით გავახარო” – ამბობს ნიკა მალი.
22 წლის მცველი არ მალავს, რომ მიწვევის იმედი ჰქონდა: „უშუალოდ ამ მატჩებისთვის გამოძახებას არ ველოდი, თუმცა ზოგადად მოლოდინი მქონდა. ვლადიმირ ვაისსა და სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის მადლობას გადავუხდი. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა „საბურთალოს”, რომელიც ყველაფერს აკეთებს ფეხბურთელის განვითარებისთვის”.