ნიკა კვეკვესკირი - ხუთი წლის ნაშრომი სამ დღეში ჩამოვანგრიეთ, მაგრამ ვითარება ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ
ნიკა კვეკვესკირი - ხუთი წლის ნაშრომი სამ დღეში ჩამოვანგრიეთ, მაგრამ ვითარება ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ

ესტონეთის ნაკრებთან ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციას მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ რამაზ სვანაძესთან ერთად, ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ესწრებოდა, რომელმაც ბევრი საგულისხმო განცხადება გააკეთა.

„დავაფიქსირებ გუნდის აზრს ჩვენს ყოფილ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მისი საქმიანობა ცუდად დასრულდა და ახლა გულშემატკივარს მისი კარგი არაფერი ახსოვს. მადლობა ჩვენს ყოფილ მწვრთნელს, რადგან ამ 5 წელში მან დიდი სამუშაო გასწია და ბევრი ახალი სახე გამოჩნდა. გავა დრო და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მისი მუშაობა გარკვეულ ასპექტში დადებითად შეფასდება. ვაისის ფორმაციის ნაკრების ყველაზე დიდი პლუსი გუნდურობა იყო. ეს იყო ყველაფერზე მთავარი – ერთად ავაშენეთ გუნდი, ძალიან კარგია ატმოსფერო, ერთსულოვნებაა და ვცდილობთ, ეს ყველაფერი იდეალურთან მიახლოებული იყოს. სამწუხაროდ, ყველაფერი სამ დღეში ჩამოვშალეთ. მაგრამ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, ამით ქართული ფეხბურთი არ დამთავრებულა, ნაკრების შენება გაგრძელდება და თითოეული ფეხბურთელი კიდევ უფრო მეტად მონდომებული და პასუხისმგებლიანი იქნება“, – განაცხადა კვეკვესკირმა.

მან ახალ მთავარ მწვრთნელზე ილაპარაკა:

„წარმატება რამაზ სვანაძეს, რომელმაც გუნდი ასეთ რთულ დროს ჩაიბარა. ვფიქრობ, ისეთი დროა, საქართველოს ნაკრების ჩაბარება არავის უნდა. წლებია, რამაზს ვიცნობ და მის პოტენციალში დარწმუნებული ვარ. მას აქვს უნარი, ხელწერა ამ მოკლე ვადაში დაატყოს და ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოიყვანოს“.

რაც შეეხება მოთამაშეთა ნაკრებიდან შესაძლო წასვლას, ნიკას აზრით, ეს გამართლებული არ იქნება:

„5 წლის ნაშრომი 3 დღში ჩამოვანგრიეთ. ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ნაკრებიდან წასვლა ადვილია, მაგრამ რთული საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის აღებაა. მე კი მიმაჩნია, რომ ეს გუნდი მზადაა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს, ხვალინდელი შეხვედრა კი უნდა მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ“.

კვეკვესკირმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა:

„ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი მაშინ ვერ გამოვავლინეთ, როდესაც ეს ჩვენს ნაკრებს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. როგორი დახვედრა მოგვიწყვეს, თუნდაც მაკედონიასთან წაგების შემდეგ სომხეთთან მატჩამდე და მათ ბოდიში უნდა მოვუხადო, რომ იმედები ვერ გავამართლეთ. შევეცდებით, ეს იმედები დავაბრუნოთ“.