უნგრული გამოცემა კვეკვესკირის ტრანსფერზე - „ნირეგიჰაზაში“ ითამაშებს ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებიდან, რომელმაც ევრო 2024-ზე ისტორია დაწერა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის, ნიკა კვეკვესკირის შესაძლო ტრანსფერს „ნირეგიჰაზა სპარტაკუსში“ უნგრული გამოცემა sportal.blikk-ი გამოეხმაურა.
„მიუხედავად იმისა, რომ „ნირეგიჰაზა“ ექვსი ტურის შემდეგ მე-11 ადგილზეა, დაამტკიცა, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშს იმსახურებს – გუნდმა რამდენიმე მატჩში ქულა უიღბლობის გამო ვერ მოიპოვა, ბოლო ტურში კი დიდი წინააღმდეგობა გაუწია მოქმედ ჩემპიონს, „ფერენცვაროშს“, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 1:2.
კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს, რათა ცხრა წლის შემდეგ უნგრეთის NB I ლიგაში დაბრუნებულმა გუნდმა საუკეთესოთა შორის ადგილი შეინარჩუნოს. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასაწყისში ახალწვეულები უკვე ჩამოვიდნენ. ახლა კი კლუბი ნახევარდაცვას ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელით აძლიერებს.
„ნირეგიჰაზაში“ ითამაშებს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი, რომელსაც თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 61 მატჩი აქვს ჩატარებული და ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც მერვედფინალში გავიდა და ისტორიულ შედეგს მიაღწია.
კვეკვესკირი ბოლოს პოზნანის „ლეხში“ თამაშობდა და სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფლი აგენტი გახდა, 32 წლის ფეხბურთელს რამდენიმე ქართული კლუბი იწვევდა, მაგრამ მან „ნირეგიჰაზა“ აირჩია და გუნდს მალე შეუერთდება“, – წერს უნგრული გამოცემა.