რამაზ სვანაძე - ესტონეთთან ბევრი ცვლილება არ და ვერ იქნება
რამაზ სვანაძე - ესტონეთთან ბევრი ცვლილება არ და ვერ იქნება

რამაზ სვანაძემ, რომელიც ვლადიმირ ვაისის საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია, ესტონეთის ნაკრებთან ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ილაპარაკა.

„ჩემთვის პატივია ეროვნული ნაკრების თუნდაც ერთი თამაშით გაძღოლა და მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ვინც ეს ნდობა გამომიცხადა. თუმცა ეს ჩემთვის აბსოლუტური სიურპრიზი იყო“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.

მისი თქმით, ესტონეთის ნაკრებთან მისი მთავარი ამოცანა გუნდში ფსიქოლოგიური განწყობის შეცვლა იქნება: „რა თქმა უნდა, ჩემი ამოცანა დღეს გუნდში არსებული ფსიქოლოგიური ფონის გამოსწორება, განწყობის და ხარისხის ამაღლებაა. ყველას სურდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სომხეთთან თამაშები მოგვეგო. სამწუხაროა, ასეთი რეალობა დადგა. ახლა მხოლოდ წინ უნდა გავიხედოთ“.

სვანაძე დასკვნით შეხვედრაში ნაკრებში სერიოზულ ცვლილებებს არ გეგმავს.

„ხვალინდელ თამაშში ცვლილებები იქნება, მაგრამ ძალიან მცირე, რადგან ვაისის ხელში გუნდი 5 წელი თამაშობდა, სწორი აქცენტები ჰქონდა და ბევრი ცვლილება არ და ვერ იქნება. ელემენტარულად, ამის დრო არც გვექნება“, – აცხადებს სვანაძე.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში საქართველოს ნაკრები ესტონეთს 18 ნოემბერს „დინამო-არენაზე“ შეხვდება – მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი