ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცველ ორგანოებს მწვავე რეაქცია უნდა ჰქონდეთ
ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცველ ორგანოებს მწვავე რეაქცია უნდა ჰქონდეთ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცველ ორგანოებს მწვავე და კატეგორიული რეაქცია უნდა ჰქონდეთ.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების გამოუძიებლობა ქვეყანაში ძალადობას ახალისებს.

„მოვითხოვთ კატეგორიულ და მწვავე რეაქციას სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. მსგავსი საქმეების გამოუძიებლობა, ერთი კვირის წინაც ჰქონდა ადგილი მსგავს შემთხვევას, ახალისებს ქვეყანაში ძალადობას, რასაც ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ისედაც აკეთებს. ამიტომ, ვითხოვთ ადეკვატურ დასჯას ამ პირების. არაფერი დიდი გამოძიება ამას არ უნდა, რადგან არსებობს ვიდეოკადრები და პირები იდენტიფიცირებულები არიან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია რკინიგზის დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ჟურნალისტების ნებართვის გარეშე ობიექტზე შესვლა დასაშვებია. მისი განცხადებით, ობიექტზე არანაირი აღნიშვნა არ ყოფილა, რომ შესვლა არ შეიძლებოდა.

მისი განცხადებით, ჟურნალისტებისთვის ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით გაფრთხილება უნდა მიეცათ და იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილებოდნენ, პოლიცია გამოეძახათ.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, აღნიშნული ფაქტი არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჟურნალისტებზე ძალადობას რკინიგზის დეპარტამენტის არგუმენტები ვერაფრით გაამართლებს.

„ჟურნალისტებზე ძალადობას რკინიგზის განცხადება ვერაფრით გაამართლებს. ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეს დასაშვებია. ამის გარდა, ჯერ უნდა ყოფილიყო გაფრთხილება, რომ ეს იყო კერძო საკუთრება და ტერიტორიის დატოვების თაობაზე გაფრთხილება უნდა მიეცათ. თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ, უნდა გამოეძახათ პატრული. ეს ფაქტი არის სისხლის სამართლის დანაშაული. კერძო საკუთრებაში არანაირი აღნიშვნა არ ყოფილა, რომ არ შეიძლებოდა შესვლა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  მოგვიანებით, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“ მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა.

ამასთან, რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი ზაზაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფი უნებართვოდ, უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით შეეცადა სამშენებლო ტერიტორიაზე შესვლას.