რკინიგზის დეპარტამენტში „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან მომხდარ ინციდენტზე ბრიფინგი გაიმართა
რკინიგზის დეპარტამენტში „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან მომხდარ ინციდენტზე ბრიფინგი გაიმართა

„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან მომხდარ ინციდენტზე რკინიგზის დეპარტამენტში ბრიფინგი გაიმართა.

როგორც კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ზაზაშვილმა განაცხადა, „რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფი უნებართვოდ,  უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით  შეეცადა სამშენებლო ტერიტორიაზე შესვლას.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დღევანდელ სამწუხარო ფაქტს. დილის 10:00 საათზე როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, „რუსთავი 2-ის“ ჯგუფი ჩვენი სამშენებლო კონტრაქტორი კომპანიის ობიექტზე შესვლას ცდილობდა. მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და ბუნებრივია, არსებობს გარკვეული საფრთხეები, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი რეაქცია იყო გამოხატული. თუმცა, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს რკინიგზა ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გახსნილობა და არაფერი დასამალი არ გაგვაჩნია. რაც შეეხება ინტერესებს, რომელიც ამ პროექტის გარშემო არსებობს, მზად ვართ ყველა დაინტერესებული პირისთვის მოვაწყოთ მედიატური თქვენი მონაწილეობით, ჩავიდეთ, დავათვალიეროთ რა ხდება და მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ რამხელა მნიშვნელობის პროექტი შენდება. ბოლო ათწლეულების მანძილზე ამ მასშტაბის სამუშაოები საქართველოს რკინიგზაზე არ განხორციელებულა. როგორც მოგახსენეთ, იქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და უსაფრთხოების სტანდარტი მოითხოვს, ვიცოდეთ ვინ როდის შედის.  როცა ასეთ ობიექტზე  შესასვლელად უსაფრთხოების მინიმალური აღჭურვილობაა საჭირო, ასევე აუცილებელია, საქმის კურსში იყოს შესაბამისი ორგანო”-განაცხადა გიორგი ზაზაშვილმა.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  მოგვიანებით, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“ მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა.