ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - ტრამპის კომენტარი, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა, არ დაიცვას მოკავშირეები, რომლებმაც ვერ დახარჯეს საკმარისი თანხა თავდაცვაზე, არის ის, რისი მოსმენაც უყვარს პუტინს
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - ტრამპის კომენტარი, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა, არ დაიცვას მოკავშირეები, რომლებმაც ვერ დახარჯეს საკმარისი თანხა თავდაცვაზე, არის ის, რისი მოსმენაც უყვარს პუტინს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარი იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ს მოკავშირეები, რომლებმაც ვერ დახარჯეს საკმარისი თანხა თავდაცვაზე, არის ზუსტად ის, რისი მოსმენაც უყვარს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა.

„სრულიად გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად ის, რისი მოსმენაც პუტინს უყვარს. ჩვენი ძალა ჩვენი ერთიანობაა და თუ ჩვენ არ ვართ ერთიანები, ეს გვასუსტებს. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ამას ეძებს პუტინი“, – განაცხადა ოლონგრენმა.

მისივე თქმით, ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლში გათვალისწინებულია კოლექტიური თავდაცვის პრინციპი – იდეა, რომ ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველაზე თავდასხმად.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის რაღაცას ამბობს ამ კუთხით. მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ვფიქრობ, განსაკუთრებით ახლა, ნატო-ს ქვეყნების მიმართ რეალური საფრთხეების გამო, ძალიან შემაშფოთებელია, როცა ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ამბობს ამას“, – აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.