ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი ვარსკვლავი გახდა „ვანკუვერის“ მეკარე ტეტჩერ დემკო. 25 წლის ამერიკელმა მეკარემ სამი მატჩი ჩაატარა, სამივე მოიგო, 103-დან 100 დარტყმა (97.1 პროცენტი) მოიგერია და საშუალოდ მატჩში ერთი შაიბა გაუშვა. დემკოს საუკეთესო მატჩი „ოტავას“ წინააღმდეგ ჰქონდა, როცა 42 დარტყმის მოგერიება მოახერხა.
კვირის მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „ედმონტონის“ ფორვარდმა კონორ მაკდევიდმა, რომელმაც ოთხი მატჩში 12 ქულა (4+8) დააგროვა. „ოტავას” წინააღმდეგ მატჩში მაკდევიდმა კარიერაში მეექვსედ დააგროვა ხუთი ქულა – გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ფორვარდი 24 ქულით (8+16) რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
კვირის მესამე ვარსკვლავიც „ედმონტონიდანაა“ – ფორვარდი ლეონ დრაიზაიტლი, რომლის ანგარიშზე ოთხ მატჩში 12 ქულა (3+9) იყო. საუკეთესო მატჩი მას „ოტავას“ წინააღმდეგ ჰქონდა – ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გერმანელი 22 ქულით (7+15) მეორეა ბომბარდირთა სიაში.